„ლოკომოტივი 2“-მა ისტორიული თასის ფინალისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
„ლოკომოტივი 2“-მა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისთვის მზადება დაიწყო და შესანიშნავი სეზონის კარგი განწყობით დასრულებას შეეცდება. 7 დეკემბერს ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი ბათუმში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
„ლოკომოტივი 2“-ისთვის 2022 წელი ძალიან წარმატებული გახდა. ჭაღიაშვილის გუნდმა ლიგა 4-ში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ლიგა 3-ში ითამაშებს. მანამდე კი ნამდვილი სენსაციის ავტორი გახდა და ყველასათვის მოულოდნელად თასის ფინალში გასვლა მოახერხა.
თბილისის „ლოკომოტივი 2“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში (7:6) დაამარცხა და ტიტულის მოპოვების შანსი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივი 2“-ს მთავარ გუნდზე უფრო წარმატებული სეზონი ჰქონდა. მთავარი „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა და თასის გათამაშებასაც ნაადრევად დაემშვიდობა, „ლოკომოტივი 2“-მა კი ფინალამდე მიაღწია.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდება ქუთაისის „ტორპედოს“, რომელიც ტიტულისთვის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ იბრძოლებს. ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი 7 დეკემბერს უმასპინძლებს.
თბილისის „ლოკომოტივი 2“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი „ფარმგუნდია“, ხოლო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში — მესამე, რომელიც თასის ფინალში ითამაშებს; ასევე, ქართულ ფეხბურთში ლიგა 4-დან თასის ფინალში გასული პირველი გუნდი.