„ლოკომოტივი 2“-ის მწვრთნელმა მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა - „ტორპედო“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ყველაფერს თამაში გვაჩვენებს #1TVSPORT
ფინალამდე ერთი დღე რჩება. ხვალ, 7 დეკემბერს, 19 საათზე ბათუმში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში, რანგით მე-4 ლიგის თბილისის „ლოკომოტივი 2“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ჭაღიაშვილმა გააკეთა, რომელიც იმედოვნებს, რომ მის გუნდს ეროვნული ლიგის წარმომადგენელ ტიტულოვან კლუბთან დაპირისპირებისთვის არგუმენტი აღმოაჩნდება.
„ვემზადებით ფინალისთვის, განწყობა ძალიან კარგია, ბიჭები მოტივირებულები არიან, თასის ფინალია და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია. გუნდში სრული კონცენტრაციაა.
არიან თუ არა ამ გუნდში ქართული ფეხბურთისთვის საინტერესო მოთამაშეები? მათ თასის ყველა ეტაპზე დაამტკიცეს, რომ საყურადღებიო ბიჭები არიან და თამაშიდან თამაშამდე ჩანდა, რომ პესრსპექტივა გააჩნიათ. მე ამაში ეჭვი არ მეპარება.
ჩვენ თასის გათამაშებიდან ეროვნული ლიგის სამი გუნდი დავამარცხეთ. ეს არ იყო შემთხვევითი მოგებები, რომ თქვან, გაუმართლათო. ბიჭებმა ლიგა 4-ის ტურნირიც მოიგეს და ლიგა 3-ში დაწინაურდნენ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებში ძალიან დიდი რესურსია, რომ ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში და უფრო მაღალ დონეზე წარმატებით ითამაშონ – მათ შორის, ასაკობრივ ნაკრებებში.
რაც შეეხება მეტოქეს, ძალიან ძლიერი და ტრადიციული გუნდია და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია, მაგრამ ეს წინასამატჩო მოცემულობაა, ყველაფერს კი თამაში გვაჩვენებს. ჩვენ პლუსები გვაქვს და შევეცდებით, რომ ხვალ გამოვიყენოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ჭაღიაშვილმა.
აქვე ვიტყვით, რომ ბათუმში მედიატურის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.