ლოჩოშვილმა ავსტრიაში სეზონი გახსნა - „შტურმის“ მწვრთნელს კიტეიშვილის არყოფნა აწუხებს #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონი დაიწყო – პირველ ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ დაასრულეს.
„ვოლფსბერგერმა“ გრაცის „შტურმი“ მიიღო და შეხვედრა 1:1 დაასრულა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც ავსტრიული კლუბის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
„ვოლფსბერგერმა“ 21-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მასპინძლებმა 26-ე წუთზე ანგარიში მაინც გახსნეს. „შტურმმა“ 43-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 72-ე წუთზე მოთამაშე გაუგდეს. ავსტრიის ვიცე-ჩემპიონის, „შტურმის“ მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ოთარ კიტეიშვილის არყოფნა ახსენა.
„ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ჩვეულებრივ გვახასიათებს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ძალიან დაგვაკლდა ის სიმწვავე, რომელიც იანჩერის და კიტეიშვილის დროს გვახასიათებს“, – განაცხადა „შტურმის“ მწვრთნელმა.
კიტეიშვილს სეზონის წინა შეკრებაზე პრობლემა შეექმნა და მას შემდეგ ვეღარ ვარჯიშობს. ავსტრიული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს კუნთი დაუზიანდა.