ლოჩოშვილმა ავსტრიაში სადებიუტო გოლი ჟორდანიას გუნდს გაუტანა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა ავსტრიაში სადებიუტო გოლი ჟორდანიას გუნდს გაუტანა #1TVSPORT

ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მოხდა, 21 წლის მცველის გუნდი, „ვოლფსბერგერი“ ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და უხვგოლიან შეხვედრაში გაიმარჯვა.

ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. გურამ გიორბელიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, სათადარიგოებში იჯდა.

„აუსტრია“, სადაც მცირე ხნის წინ ინვესტორის როლში მერაბ ჟორდანია მივიდა, მეექვსე წუთზე დაწინაურდა. მაგრამ „ვოლფსბერგერმა“ მე-14 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – კუთხურის გათამაშების შემდეგ კარის წინ ლუკა ლოჩოშვილი აღმოჩნდა, მეკარემ ორჯერ აუღო და მესამე დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ ქართველების გუნდმა გაილაღა და ვენის გუნდს სამჯერ გაუტანა – გოლები ტორსტენ რიოხერის (33), დეიან იოველიჩის (44) და მიხაილ ლენდლის(54) ანგარიშზეა. მაგრამ „აუსტრიამ“ 66-ე და 78-ე წუთებზე „ვოლფსბერგერის“ კარი ორჯერ აიღო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამ არაჩვეულებრივი სანახაობის ბედი 86-ე წუთზე ქართველების თანაგუნდელმა დარიო ვიზინგერმა გადაწყვიტა, როდესაც მეტოქის კარი მეხუთედ აიღო.

საბოლოოდ, „ვოლსფერგერმა“ ანგარიშით 3:5 მოიგო და 22 ტურის შემდეგ 33 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა.