ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ მწვრთნელი გაათავისუფლა - ალვინის, სავარაუდოდ, დავიდე ბალარდინი შეცვლის #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი გაათავისუფლეს.
იტალიურმა კლუბმა ალვინის გათავისუფლების შესახებ შეხვედრის დასრულებისთანავე გამოაცხადა. „კრემონეზე“ სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია და ეს გადაწყვეტილება ლოგიკურად ჩანს.
18 ტურის შემდეგ სერია A-ში კრემონელები 7 ქულით ბოლო ადგილზე არიან. გუნდს სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი „მონცასთან“ ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა.
იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად დავიდე ბალარდინის დანიშვნას გეგმავს, რომელიც მანამდე „ჯენოაში“, „კალიარისა“ და „ლაციოში“ მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ „მონცასთან“ მატჩში კრემონელთა აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალვინის გადაწყვეტილებით, ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა.