ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კრემონეზეს“ შემადგენლობაში, რომელიც ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 1:1.
24 წლის ქართველი მცველი „კრემონეზეს“ ძირითადში იყო და გათამაშების ლიდერთან ურთულესი დაპირისპირება შეუცვლელად ითამაშა. საერთოდ, ლოჩოშვილი ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ გადასვლის შემდეგ იტალიური კლუბის სასტარტოს შეუცვლელი მოთამაშე გახდა.
ლუკა ამ შეხვედრაშიც კარგად გამოიყურებოდა, თუმცა 63-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მიიღო გაფრთხილება, ტეუნ კოოპმეინერსის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, ბურთი „კრემონეზეს“ კარში აღმოჩნდა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმებით დადგინდა, რომ ბურთს „ატალანტას“ მოთამაშემ ხელი შეაშველა და გოლი არ ჩაითვალა.
თუმცა, 74-ე წუთზე „ატალანტამ“ ანგარიში მაინც გახსნა. ჯარიმა ისევ ლოჩოშვილმა აიკიდა – მან ედერსონი წააქცია და მეორე ყვითელი ბარათი მიღების და გაძევების საფრთხე ჰქონდა, მაგრამ არბიტრმა დაინდო. საჯარიმოში კი თურქი მცველი მერიჰ დემირალი გაიხსნა და თავით ზუსტად დაარტყა.
„კრემონეზემ“ წონასწორობა 4 წუთში აღადგინა. მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, ემანუელე ვალერიმ დამატებაზე უძლიერესად გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
„კრემონეზემ“ 6 ტურში მეორე ქულა მოიპოვა და მე-18 ადგილზეა (20-გუნდიან ჩემპიონატში), ამ შედეგით კი „ატალანტას“ (14) პირველზე დაწინაურების შანსი არ მისცა და ლიდერთა სამეულშია ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ (14) და „მილანთან“ (14) ერთად.