ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის თასზე ითამაშა „კრემონეზეს“ შემადგენლობაში, რომელმაც „კროტონე“ 3:1 დაამარცხა.
ქართველი ცენტრალური მცველი კრემონელების ძირითად შემადგენლობაში იყო და სერია C-ს გუნდთან მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე კი შეცვალეს. „კრემონეზემ“ მატჩი კარგად ვერ დაიწყო და მე-7 წუთზე მარკო ტუმინელომ „კროტონე“ დააწინაურა.
„კრემონეზემ“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა – სტუმრების კარი 30-ე წუთზე ფელიქს აფენა-გიანიმ აიღო. თუმცა, მასპინძლებმა რანგით დაბალი გუნდის წინააღმდეგობა ძირითად დროში ვერ გატეხეს – 1:1. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო.
„კრემონეზემ“ მიზანს მაინც მიაღწია – 105-ე წუთზე ფრანკო ვასკესმა გუნდი დააწინაურა, ხოლო 117-ე წუთზე ჩარლზ პიკელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი იტალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც პირველ ნოემბერს „ჩიტადელას“ გასვლაზე დაუპირისპირდება.