ლოჩოშვილი იტალიაშია - ქართველი მცველი სეზონისთვის „კრემონეზეში“ მოემზადება #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი იტალიაშია და სეზონისთვის მზადება „კრემონეზეში“ დაიწყო – ინფორმაციას იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემონელებისთვის გასული სეზონი სერია A-ში წარუმატებელი გამოდგა – დავიდე ბალარდინის გუნდი სერია B-ში დაქვეითდა.
თუმცა, პირადად ლოჩოშვილმა პირველ წელს თავი კარგად წარმოაჩინა და გამოცემა todofichajes-ი ამტკიცებს, რომ „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების მცველის დამატებას ესპანეთის ლა ლიგის „რაიო ვალეკანო“ ცდილობს.
2023/24 წლების სეზონისთვის „რაიო ვალეკანომ“ შემადგენლობის განახლება დაიწყო. გუნდი საკვანძო მცველებმა დატოვეს და ხელმძღვანელობას სურს, რაც შეიძლება მალე გაძლიერდნენ. todofichajes-ის ცნობით, ესპანური კლუბი ლოჩოშვილზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობენ, რომ ტრანსფერს განახორციელებენ.
საქართველოს ნაკრების მცველი კი ჯერჯერობით ისევ ძველ კლუბში ემზადება და სანამ ტრანსფერი რეალური გახდება, „კრემონეზეში“ ივარჯიშებს.
ლუკა გუნდს 15 ივლისს შეუერთდა და იტალიის ცნობილ სათხილამურო კურორტ ტრენტინოში გაემგზავრა, სადაც „კრემონეზე“ 29 ივლისამდე დარჩება.