ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა - „კრემონეზე“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი ოქტომბრის შემდეგ „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა – ეს „ფერალპისალოსთან“ შეხვედრაში მოხდა, რომელშიც ქართველის გუნდი მოულოდნელად დამარცხდა – 0:1.
ქართველი მცველი კრემონელების სასტარტო თერთმეტეულში იყო და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სერია B-ს მე-17 ტურის ამ დაპირისპირებაში მეხუთეადგილოსანი „კრემონეზე“ ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან მისი მეტოქე ლიგის აუტსაიდერი გუნდი იყო.
„ფერალპისალომ“ სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად ბოლომდე იბრძოლა და 29-ე წუთზე მიზანს მიაღწია – შეხვედრის ერთადერთი გოლი 21 წლის ბერძენმა ნახევარმცველმა, ხრისტოს კურფალიდისმა გაიტანა. კრემონელებმა კი თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს და სამეულში მოხვედრის რეალური შანსი გაანიავეს.
„კრემონეზე“ სერია B-ში გამართული 17 ტურის შემდეგ 29 ქულით კვლავ მეხუთე ადგილზე დარჩა და ლიდერ „პარმასთან“ (34) ჩამორჩენა ვერ შეამცირა.