ლოჩოშვილი ავსტრიაში საღამოს გმირი გახდა - ლუკამ მეტოქის მოთამაშეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა“ ბუნდესლიგის 21-ე მატჩი ვენაში „აუსტრიასთან“ 0:1 წააგო, მაგრამ მატჩის გმირი მაინც წაგებული გუნდის ქართველი მცველი გახდა. სტუმართა მოთამაშე ნიკოლას ვერაშნიგმა „აუტსრიას“ ფეხბურთელს, ჯორჯ ტეიგლს მუხლი თავში მოარტყა და მასპინძელთა მცველმა გონება დაკარგა.
მომხდარი ყველაზე სწრაფად „ვოლფსბერგერის“ ქართველმა მცველმა გაიაზრა ტეიგლს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მადლობის ნიშნად „აუსტრიას“ მოთამაშეები საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველს გადაეხვივნენ.
„ეს მართლაც შესანიშნავი ადამიანური საქციელი იყო მისი მხრიდან. მას მადლობას ვუხდით“, – განაცხადა „აუსტრიას“ მეკარე პატრიკ პენცმა.
„ვოლფსბერგერის“ მწვრთნელი რობინ დატი შეშფოთებულიც იყო და შეწუხებულიც.
„ეს იყო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ლოჩოშვილის საქციელით. წარმოუდგენელი რამ გააკეთა, ტეიგლის უცებ მივარდა და პირში ხელი ჩაუდო. ლუკას „ავსტრიას“ მოთამაშემ თითებზეც უკბინა, მაგრამ ლუკა ცდილობდა დახმარებოდა მანამ, სანამ ენა არ დაიჭირა“.
„აუსტრიას“ მწვრთნელმა მანფრედ შმიდმაც მეტოქის მცველს ტაში დაუკრა.
„შეგიძლიათ მხოლოდ მიულოცოთ მას ეს ქმედება და მადლობა გადაუხადოთ. მაშინაც კი, თუ პირველადი დახმარება ნასწავლი გაქვთ, ასეთი სწრაფი რეაგირება ადვილი მაინც არ იყო“.
„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ლოჩოშვილს. ჩვენი გუნდის ექიმის თქმით, მან შესაძლოა ტეიგლის სიცოცხლე გადაარჩინა“, – ეს „აუსტრიას“ ვეტერანმა ალექსანდრე გრუნვალდმა Sky Austria-სთან თქვა.
მომხდარზე ლოჩოშვილმაც ისაუბრა.
„დავინახე, რომ ტეიგლი გაუნძრევლად იწვა, მივვარდი და თვალები ამოტრიალებული ჰქონდა. საბედნიეროდ, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო ამ დროს. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ფეხბურთი არის პატივისცემისა და სამართლიანობის თამაში. ჩემს ადგილას ნებისმიერი იგივეს გააკეთებდა“.
გაოგნებულმა, მაგრამ შეგნებულმა ტეიგლმა შეძლო მოედნის დატოვება. მოგვიანებით, ვენის გუნდის მწვრთნელმა მანფრედ შმიდმა გულშემატკივრები დაამშვიდა.
„ტეიგლი მშვიდია, მაგრამ მაინც გაოგნებულია. თუმცა არა მგონია, მომხდარი ისეთი დრამატული იყოს, როგორც თავიდან ჩანდა“.