ლობჟანიძის კომენტარი „გალათასარაისთან“ გოლზე - ბრძოლა და მოგება დიდ გუნდთანაც შეიძლება
საბა ლობჟანიძემ თურქული ფეხბურთის გრანდის, „გალათასარაის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაა საჭირო.
საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ ფლანგის შემტევმა თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერთან ეფექტური გოლის ავტორი გახდა. 55-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე გახსნილ ქართველ შემტევს ალპერ პოტუქიმ მშვენიერი გადაცემით შეტევა გაუგრძელა. საბა კი საჯარიმოში შევარდა, ბრაზილიელი მარკაო ეფექტურად მოატყუა, არანაკლებ ეფექტურად მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში 2:0 გახადა.
საბოლოოდ, გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „ანკარაგუჯუმ“ ლიდერი „გალათასარაი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ახლა 23 ქულით მე-19 ადგილზეა, სტამბულელებს კი თანაქალაქელი „ბეშიქთაში“ დაეწია და ახლა ორივე 57-57 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.
„ჩვენ „გალათასარაის“ თამაში კარგად გავაანალიზეთ და გამარჯვება ამის შედეგი იყო. ეს გუნდი სულ შეტევაშია და ამის გამო ზოგჯერ დაცვაში პრობლემები ექმნება. ამიტომ მატჩამდე კონტრშეტევები კარგად დავამუშავეთ, ბევრი ვივარჯიშეთ და მიხარია, რომ ამან შედეგი მოგვიტანა. ჩვენს გოლი სწორედ კონტრშეტევაზე გავიტანეთ და ის შედეგი მივიღეთ, რისი იმედიც გვქონდა,“ – ამბობს საბა ლობჯანიძე.
საქართველოს ნაკრების შემტევის თქმით, „ანკარაგუჯუს“ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეუძლია.
„ამ შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ჩვენ ნამდვილად კარგი გუნდი ვართ და ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მეტოქე დიდი გუნდია თუ უსახელო. ყველასთან გამარჯვება გვინდა. დარჩენილ ტურებში ნებისმიერ მეტოქესთან უნდა ვიომოთ და გავიმარჯვოთ,“- განაცხადა 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში. 26 მატჩში მესამე გოლი გაიტანა გარდა ამისა, საბამ „ანკარაგიუჯუში“ შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი და სასარგებლო ქმედებებით მაჩვენებლით გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 30 გოლი გაიტანა, საიდანაც 10 ქართველის მონაწილეობით გავიდა.