ლობჟანიძის გოლი ავტოგოლად ჩათვალეს - საბა მატჩის MVP გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) შესანიშნავი თამაში ჩაატარა, სახიფათო შეტევა წამოიწყო და გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა „ატლანტა იუნაიტედისთვის“, რომელიც „DC იუნაიტედთან“ საშინაო შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
„ატლანტა იუნაიტედმა“ თამაში კარგად დაიწყო: მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის განვითარებული იერიში პენალტით დასრულდა, რომელიც ტიაგო ალმადამ გოლად გარდასახა, მაგრამ სამ წუთში კრისტიან ბენტეკემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 44-ე წუთზე დუბლით ვაშინგტონელები დააწინაურა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო (48 წუთი), საბა საჯარიმოში ფლანგიდან შევარდა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და ავტოგოლად ჩაითვალა. 55-ე წუთზე კი ბენტეკემ ჰეთთრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამის მიუხედავად, მატჩის MVP-დ ქართველი ფლანგის შემტევი დაასახელეს – ის ბოლო ცხრა შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ უკვე მეხუთედ აღიარეს. „ატლანტა იუნაიტედი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე პოზიციაზეა და პლეი ოფის ზონას 2 ქულით ჩამორჩება.