საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და „ჰატაისფორს“ სუპერლიგაში მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში დაუპირისპირდა „ფატიჰ კარაგუმრუკს“, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა, ხოლო გუნდის სამატჩო განაცხადში კვლავ გამოჩნდა ვატო არველაძე. ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ტრავმებისგან გაწვალდა და საბედნიეროდ, ახლა მომჯობინდა, მაგრამ ამჯერად არ ათამაშეს.
სუპერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში „ჰატაისპორის“ გამარჯვებას სათავე საქართველოს ნაკრების 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დაუდო, რომელმაც ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ალ-კააბიმ დუბლი შეასრულა (34, 58) და ქართველის გუნდმა 3:0 მოიგო.
„ჰატაისპორი“ 29 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-6 ადგილზეა, ევროსაგზურის ზონაში მყოფ „ბაშაკშეხირს“ (47) და „ფენერბახჩეს“ (47) მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსანს, „კონიასპორს“ – 6 ქულით. ასე რომ, ლობჟანიძის გუნდს ევროსაგზურის მოპოვების საკმაოდ კარგი შანსი გააჩნია.
რაც შეეხება ქართველ შემტევს, საბამ მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, უკვე 7 გოლი გაიტანა და პლუს 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ თურქული მედიის ცნობით, „ფატიჰ კარაგუმრუკთან“ საბა ლობჟანიძემ ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარში, ყველაზე მეტი დრიბლინგი განახორციელა და ყველაზე მეტჯერ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში.