ლობჟანიძემ „ორჰუსს" გაუტანა - ქართველი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „რანდერსს” ევროპის ლიგაზე თამაშის რეალური შანსი გაუჩნდა.

ქართველი თავდამსხმელის გუნდი „რანდერსი” ევროტურნირებზე გასასვლელ პლეი ოფის სტადიაზე გავიდა და ორმატჩიან ნახევარფინალურ რაუნდში „ორჰუსს” დაუპირისპირდა.

პირველ შეხვედრაში „რანდერსმა” მეტოქე საშინაო არენაზე მიიღო და მეცხრე წუთზე გაშვებული გოლით აგებდა. მე-15 წუთზე საქართველოს ნაკრების კანდიდატმა მცველები ჩამოიტოვა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა. 34-ე წუთზე „რანდერსმა” მეორეც გაიტანა და 2:1 გაიმარჯვა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. გუნდის ვებგვერდის ცნობით, მატჩის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით. გაშვებული გოლის შემდეგ სიმშვიდე არ დავკარგეთ და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. რთული განმეორებითი შეხვედრა გველის და კარგი იქნებოდა, დღეს მეტი გაგვეტანა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება ევროპის ლიგის პლეი ოფის ფინალში გასასვლელად საკმარისი იქნება”, – ამბობს ლობჟანიძე.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 26 მაისს „ორჰუსის” სტადიონზე გაიმართება. „რანდერსმა” ევროპის ლიგის პლეი ოფის წინა ტურში „სონდერისკე” დაამარცხა (4:3, 1:1). ევროპის ლიგის საგზურისთვის „რანდერსი“-„ორჰუსის” წყვილში გამარჯვებული დანიის ჩემპიონატის ლიდერთა ფინალურ ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ გუნდს 31 მაისს დაუპირისპირდება. ამის შანსი კი „ოდენსეს” და ლაშა პარუნაშვილის „ესბიერგს” გააჩნიათ.