ლობჟანიძემ ისევ გაიბრწყინა - „ატლანტა იუნაიტედმა“ საბას საგოლე გადაცემით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში თავი ისევ გამოიჩინა და „ატლანტა იუნაიტედს“ საშინაო შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერის, „კოლუმბუს ქრიუს“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მატჩის შედეგზე კი გადამწყვეტი როლი ითამაშა.
პირველ ტაიმში ანგარიში „კოლუმბუს ქრიუმ“ 36-ე წუთზე დიეგო როსის ზუსტი დარტყმით გახსნა და შესვენებამდე 1:0 დაწინაურდა. მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა, რაშიც საბამ, სტიან გრეგერსენთან ერთად, მთავარი როლი ითამაშა.
ნორვეგიელმა მცველმა მე-60 წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 77-ე წუთზე „ატლანტას“ გამარჯვება მოუტანა – ორივე გოლი კი ქართველი მოთამაშის მიერ მარცხენა ფლანგიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ გაიტანა.
„ატლანტამ“ 25 ტურის შემდეგ 28 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, ეს პოზიცია კი MLS-ის პლეი ოფის 1/16-ფინალში თამაშის საშუალებას იძლევა.
თავად საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში, 6 გოლის გარდა, ანგარიშზე უკვე ექვსი საგოლე გადაცემა ჩაიწერა და გუნდში გოლი+პასის სისტემით ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა.