დანიის სუპერლიგის აუტსაიდერთა ჯგუფურ ეტაპზე „რანდერსი“ „ლიუნგბიუს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. რაც მთავარია, საბა ლობჟანიძემ ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.
23 წლის ქართველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეოთხე წუთზე ანგარიშიც გახსნა. მაგრამ მას ეს სიხარული მალე ჩაუმწარდა – „რანდერსის“ ლეგიონერი, რომელიც წინა ტურში ჰეთთრიკის შემდეგ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, 35-ე წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
როგორც გაირკვა, საბამ მუხლი იტკინა, მაგრამ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა და როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას, ჯერ უცნობია. ქართველმა ფეხბურთელმა დანიურ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე ცხრა გოლი ჩაიწერა, ხოლო ექვსი ბურთით აუტსაიდერთა ქვეჯგუფების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მოგების მიუხედავად, „რანდერსმა“ აუტსაიდერთა ჯგუფში ბოლოსწინა, მესამე ადგილი დაიკავა და ლიგაში დასარჩენად „ჰელსინგორს“ დაუპირისპირდება: პირველი შეხვედრა 6 მაისს ლობჟანიძის გუნდის საშინაო არენაზე გაიმართება, ხოლო 13 მაისს – „რანდერსი“ მეტოქეს ესტუმრება.