საბა ლობჟანიძე ზედიზედ მეორედ მოხვდა დანიური სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. გასავარდნი ზონის პირველ ტურში “რანდერსმა” “ლუნგბიუს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ჩინებულად ითამაშა საბა ლობჟანიძემ – ”რანდერსმა“ სწორედ მისი დუბლით გაიმარჯვა და კლუბის ოფიციალურმა გვერდმა 23 წლის ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შედეგად, სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ნახევარმცველი 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
მეორე გოლის შემდეგ, ლობჟანიძე ტრიბუნებისკენ გაემართა და ხელის მოძრაობით საათზე მიანიშნა. მან „პორტლენდის“ კალათბურთელის, დამიან ლილარდის ჟესტი გაიმეორა, რომელიც გადამწყვეტ შედეგიან სროლას ასე აღნიშნავს.
”It’s my Time (ეს ჩემი დროა)” – ასე გამოეხმაურა თავად ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებას.
საბა ლობჟანიძე 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანეს, როდესაც მან ”ოდენსესთან” მოგებულ (4:1) საშინაო შეხვედრაში გოლი 94-ე წუთზე გაიტანა.