ლობჟანიძე გოლით დაბრუნდა, მერებაშვილი საუკეთესოა, ბეგლარიშვილს ისევ გააქვს
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპაში მორგი მატჩები ჩაატარეს. პოლონეთის ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლამ“ ვროცლავში „შლიონსკთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სტუმართა ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მერებაშვილის წაქცევისთვის 36-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „ვისლას“ ფეხბურთელმა, სემირ შტილიჩმა გოლად აქცია. მატჩის შემდეგ, „ვისლას“ ვებგვერდმა გულშემატკივრებს მიანდო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება და ქართველი შემტევი საუკეთესოდ აღიარეს.
ესპანეთის ლა ლიგა 2–ის 31–ე ტურში ტარაგონას „ხიმნასტიკმა“ საკუთარ სტადიონზე „კორდობასთან“ მატჩი 0:2 წააგო. მასპინძელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.
„რეალ სარაგოსამ“ კი გასვლაზე „ოსასუნას“ 2:1 მოუგო. სარაგოსელთა შორის არ იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. „სევილია 2“-მა შინ „ალბასეტესთან“ 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მასპინძელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
შვეიცარიის სუპერლიგაში ვაკო გვილიას „ლუცერნმა“ გასვლაზე „ლუგანო“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
დანიის სუპერლიგაში თავი საბა ლობჟანიძემ გამოიჩინა – „რანდერსის“ 23 წლის წლის ფეხბურთელი მოედანს მუხლის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ის „ოდენსესთან“ მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 90+4-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „რანდერსმა“ 4:1 მოიგო. „სილკებორგმა“ გათამაშების ლიდერ „კოპენჰაგენთან“ საშინაო მატჩი 1:3 დათმო. მასპინძლეთა ძირითადში დავით სხირტლაძე იყო, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათე ვაწაძე 52-ე წუთზე გამოჩნდა.
უკრაინის პრემიერლიგაში ფინალური ექვსეულის თამაშები დაიწყო. კიევის „დინამომ“ ქართველების „ვორსკლა“ 4:0 დაამარცხა. სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე სტუმართა ძირითადში იყვნენ. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში კი დათა ხოჭოლავა გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა. დონბასელებმა საშინაო სტადიონზე „მარიუპოლი“ 3:0 დაამარცხეს დ ლიდერობა განიმტკიცეს.
ესტონეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ზაქარია ბეგლარიშვილმა ისევ გაიტანა. მისმა გუნდმა „ფლორამ“ შინ „პარნუ ვაპრუსი“ 5:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა, პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.