ყაზახეთისა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთა თასზე დაგეგმილი მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო გუნდში 25 ფეხბურთელი დაასახელა.
სანაკრებო სიაში არ იყო ლატვიური „რიგასის” საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე. ის „ჯვაროსნების” სლოვაკმა დამრიგებელმა ზაფხულის სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა და ავარჯიშა, თუმცა მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრებში ვერ ათამაშა.
პირველ არხს ბექა ვაჩიბერაძის მამამ, ქუთაისის „ტორპედოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ვაჩიბერაძემ უთხრა, რომ ფიფა-ში საკითხის იურიდიული მხარის მოგვარება დღემდე მიმდინარეობს.
„ფიფა-ში ბექასთვის საფეხბურთო მოქალაქეობის შესაცვლელად იურიდიული პროცედურები ბოლომდე არ დასრულებულა და ფეხბურთის ფედერაციამ მის თამაშზე ჯერ ნებართვა ვერ მიიღო. საკითხი კი ერთ და ორ დღეში არ წყდება. თუმცა ფედერაცია საკითხს აგვარებს და დარწმუნებული ვარ, ბექა ნაკრებში მალე ითამაშებს” – ამბობს ზაზა ვაჩიბერაძე.
ვაჩიბერაძე უკრაინაში იზრდებოდა და საქართველოს მოქალაქეობა წელს აღიდგინა. ანალოგიური ვითარებაა მახარაძის შემთხვევაშიც, რომელიც ევროპის ლიგაზე მოასპარეზე ლუგანსკის „ზორიას” მეკარეა და საქართველოს ნაკრებისთვის უდავოდ საინტერესო კანდიდატურაა. ზაურ მახარაძე უკრაინაშია გაზრდილი და საქართველოს ქვეყნის მოქალაქე მცირე ხნის წინ მიიღო.