„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
სამშაბათს, 27 ოქტომბერს, „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე „მიტდიულანდს“ დაუპირისპირდება.
მერსისაიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ შესაძლოა ეს შეხვედრა ტიაგო ალკანტარამ, ნაბი კეიტამ და ჟოელ მატიპმა გამოტოვონ.
კეიტა კორონავირუსის გამო უკვე 3 თამაშია გუნდს ვერ ეხმარება, ხოლო ალკანტარა და მატიპი ტრავმირებულები არიან.
„ლივერპულისთვის“ „ევერტონთან“ შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. მატჩის დასაწყისში უმძიმესი ტრავმა მიიღო ვირჯილ ვან დაიკმა, რომელიც სავარაუდოდ მთლიან სეზონს გამოტოვებს. ბოლოს კი ალკანტარას წინააღმდეგ რიჩარლისონმა იუხეშა და ამის გამო წითელი ბარათიც დაიმსახურა.
მერსისაიდელებს დაუბრუნდათ ბრაზილიელი მეკარე ალისონი, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა შაბათს „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ვარაუდობდნენ, რომ „ლივერპული“ ძირითადი მეკარის გარეშე კიდევ რამდენიმე კვირა იქნებოდა, მაგრამ მათდა საბედნიეროდ ალისონი მალევე დაუბრუნდა გუნდს.