„ლივერპულმა“ სეზონში მე-100 გოლი გაიტანა და ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა
„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. იურგენ კლოპის გუნდმა 31-ე ტურში შინ „კრისტალ პალასი“ გაანადგურა – 4:0.
პირველი ტაიმის შუა პერიოდში საჯარიმო დარტყმით ანგარიში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა გახსნა. ტაიმის მიწურულს, მერსისაიდელთა უპიატესობა მოჰამედ სალაჰმა გაზარდა ფაბინიოს პასის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ამ სეზონში „ლივერპულისთვის“ მე-100 იყო. კლუბმა ამ ზღვარს ზედიზედ მეორე სეზონში მიაღწია.
55-ე წუთზე შორიდან ეფექტური დარტყმით ფაბინიომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, სულ მალე კი სალაჰის პასით სადიო მანემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლივერპულმა“ 86 ქულა დააგროვა და ორი ქულა სჭირდება ოფიციალურად გაჩემპიონებისთვის. თუ ხუთშაბათს, „მანჩესტერ სიტი“ ვერ მოიგებს სტუმრად „ჩელსისთან“, იურგენ კლოპის გუნდს მილოცვების მიღება შეეძლება.