„ლივერპულმა“ „არსენალი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ „არსენალი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც „ლივერპული“ ლონდონის „არსენალს“ ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩი კლოპის გუნდის უპირატესობით დაიწყო. გულშემატკივარმა მძიმე პირველი ნახევარი იხილა, რადგან მთელი ტაიმის განმავლობაში ლონდონელები მთელი გუნდით თავს იცავდნენ. მიუხედავად ამისა, „ლივერპულს“ მაინც ჰქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ გამოყენება ვერ შეძლო და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმშიც მერსისაიდელების უპირატესობა იგრძნობოდა და ერთ-ერთი შეტევის დროს, 64-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი თავით კარისკენ შეცვლაზე შემოსულმა დიოგო ჟოტამ გადაგზავნა და თავისი გუნდი დააწინაურა. სულ რაღაც 4 წუთში ბურთი საჯარიმოში სალაჰმა მიიღო, მეკარესთან პირისპირ გავიდა, შანსი იდეალურად გამოიყენა და „ლივერპული“ 2 გოლის სხვაობით დააწინაურა. წერტილი ამ შეხვედრაში 82-ე წუთზე ჟოტამ დასვა, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ არაჩვეულებრივად დაბრუნდა, დუბლი გაიფორმა და კლოპს ეს თამაში მოაგებინა.

ამრიგად, „ლივერპულმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა. მერსისაიდელები ლაივ ცხრილში 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ მე-4 ადგილზე მყოფი ლონდონის „ჩელსი“ ამ ტურში „ვესტ ბრომვიჩთან“ 2:5 დამარცხდა.