1989 წლის 15 აპრილს, შეფილდში „ჰილსბროს“ სტადიონზე, „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ლივერპულს“ შორის ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს ტრიბუნაზე წარმოქმნილი ჭყლეტისას „წითლების” 96 გულშემატკივარი გარდაიცვალა. სულ ტრაგედიისას სხვადასხვა სახის დაზიანება 766-მა ადამიანმა მიიღო. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი გახდა 10 წლის ჯონ-პოლ ჯილჰული – „ლივერპულის“ მომავალი კაპიტანის სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი.
ინციდენტის შემდეგ, ინგლისში მიიღეს გადაწყვეტილება – ყველა არენიდან მოეშორებინათ რკინის ღობეები, რომელიც ტრიბუნებს მინდორისგან ჰყოფდა. სწორედ ეს ბარიერი გახდა ტრაგედიის მიზეზი.
„ლივერპულმა“ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაიხსენა 31 წლის წინანდელი ტრაგედია:
„31 წლის წინ, „ჰილსბროზე“ დაიღუპა 96 ადამიანი – ბავშვები, ქალები და მამაკაცები. ჩვენ ვფიქრობთ ყველაზე, ვინც იმ ტრაგედიისას დაზარალდა, კერძოდ, 96 გულშემატკივარზე, რომლებსაც არასოდეს დაივიწყებენ“.