„ლივერპული“ და სალაჰი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ #1TVSPORT
„ლივერპულმა“ და მისმა ეგვიპტელმა გარემარბმა, მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კონტრაქტი გააგრძელონ. ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება მერსისაიდულ კლუბთან ამ სეზონის შემდეგ იწურება.
„არნე სლოტი ძალიან კმაყოფილია სალაჰით და კლუბს სურს მისი შენარჩუნება. ასე რომ, ამ მომენტისთვის ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც უახლოეს თვეებში გაიმართება სალაჰსა და „ლივერპულს“ შორის.
მოჰამედთან დაკავშირებით სიტუაცია სავსებით ცხადია. ის მოხარული იქნება, თუ მიეცემა „ლივერპულში“ კარიერის გაგრძელების საშუალება. მე შემიძლია ეს დავადასტურო. ვფიქრობ, ეს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სალაჰი ძალიან ბედნიერია „ლივერპულში“ და სურს იქ დარჩენა. მას სჯერა, რომ მისი მომავალი ჯერ ისევ უკავშირდება პრემიერლიგასა და „ლივერპულის“ მაისურს, ასე რომ, ფეხბურთელის მხრიდან გზავნილი სავსებით გასაგებია“, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
პრემიერლიგის პირველ სამ ტურში 32 წლის მოჰამედ სალაჰმა სამი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.