„ლივერპული“ და „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ - „ლესტერმა“ ლონდონელთა მარცხით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტური, როგორც სავარაუდო იყო, დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად „ლივერპული“, „ჩელსი“ და „ლესტერი“ იბრძოდნენ. კლოპისა და როჯერსის გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო მერსისაიდელები სატურნირო ცხრილში უფრო წინ იმყოფებოდნენ, ლონდონელებს კი მეტოქეებთან შედარებით ერთქულიანი უპირატესობა ჰქონდათ.
ლივერპული – კრისტალ პალასი 2:0
„ლივერპულმა“ სახლში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა. როი ჰოჯსონისთვის ეს ბოლო შეხვედრა იყო და როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდი მარტივად არაფერს დათმობდა. „პალასმა“ შეხვედრის დასაწყისი შეტევაში გაატარა, მაგრამ „ლივერპულმა“ მაინც მოიპოვა უპირატესობა და 36-ე წუთზე სადიო მანეს გატანილი გოლით დაწინაურდა. სენეგალელმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასტონ ვილა – ჩელსი 2:1
„ჩელსი“ გადამწყვეტ მატჩში „ასტონ ვილას“ ესტუმრა და სენსაციურად დამარცხდა. ტუხელის გუნდმა ორ გაშვებულ გოლს, ჩილველის მიერ გატანილი ბურთით უპასუხა და მიუხედავად შეხვედრის დარჩენილ დროში მიღებული უპირატესობისა, მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა და ქულები დაკარგა. ლონდონელთა საბედნიეროდ ამით „ლესტერმა“ ვერ ისარგებლა.
ლესტერი – ტოტენჰემი 2:4
„ლესტერი“ შინ „ტოტენჰემს“ მასპინძლობდა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, ჯეიმი ვარდის მიერ თერთმეტმეტრიანიდან გატანილ გოლს ჰარი კეინმა უპასუხა, რომლისთვისაც, დიდი ალბათობით, ეს „დეზების“ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა იყო. შემდეგ ვარდმა ისევ პენალტი გაიტანა, მაგრამ ლონდონელებმა ანგარიში კვლავ გაათანაბრეს. შეხვედრის ბოლო წუთებზე ორი გოლი გაიტანა გარეტ ბეილმა, რომელმაც „მელიები“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა.
ამრიგად, „ლივერპული“ და „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. ტუხელის გუნდს კი 29 მაისს უმნიშვნელოვანესი ფინალი ელის „მანჩესტერ სიტისთან“.