Liverpool FC News-ის წერილი ქართულ ფეხბურთზე - ინგლისში სატრანსფერო წესები შემსუბუქდა, „ლივერპულმა“ ყურადღება ტალანტებით სავსე საქართველოს უნდა მიაქციოს [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ ლეგიონერებზე 15-პუნქტიანი შეზღუდვა მოხსნა და პრემიერლიგის კლუბები ამიერიდან შეძლებენ, ოთხი ისეთი მოთამაშის აყვანას, რომლებიც აქამდე არსებულ მკაცრ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამ კუთხით საინტერესოა საქართველო, ტალანტებით სავსე ქვეყანა, სადაც ლიონელ მესის ბავშვობის მწვრთნელი საქმიანობს“, – წერილს გამოცემა liverpool.com-ი აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის შრომის სამინისტრო სამუშაო ვიზას გასცემდა მხოლოდ ისეთ მოთამაშეებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის მანძილზე თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში მატჩების 75%-ს ატარებდნენ, ნაკრები ფიფა-ს რეიტინგით მოწინავე 70 ქვეყანაში იყო, წარმოადგენდა უეფა-ს საკლუბო რეიტინგით საუკეთესო ლიგას.
ამ წესის გამო გიორგი ლორია 10 წლის წინ ინგლისის პრემიერლიგის კლუბში ვერ ჩაირიცხა, ხოლო ლაშა დვალმა „რედინგთან“ კონტრაქტი კი გააფორმა, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და, შედეგად, ინგლისში ვერ ითამაშა. ეს რეგულაცია რომ ყოფილიყო, 1995 წელს გიორგი ქინქლაძე „მანჩესტერ სიტიში“ ვერ გადავიდოდა.
„სატრანსფერო წესების ცვლილება „ლივერპულს“ საშუალებას მისცემს, ახალი ბაზრები აითვისოს. ამიტომ კლუბი დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოსა და რუმინეთში დაწყებულ 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს. ტურნირზე ბევრი საინტერესო ფეხბურთელია.
„ლივერპულის“ სკაუტების უმეტესობა მეტ ყურადღებას ბელგია-ნიდერლანდების თამაშს აქცევდა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, დაინტერესდებოდნენ ამავე დროს მიმდინარე მეორე დაპირისპირებითაც. ტურნირის გახსნის დღის მთავარი ამბავი უდავოდ მასპინძელი საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვება იყო – 2:0.
პორტუგალიისთვის, სადაც პედრო ნეტო და ნუნო ტავარეში თამაშობენ, ეს შოკისმომგვრელი შედეგი იყო. თანაც, საქართველოს დააკლდა ბევრი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან. ისინი წინა საღამოს გლაზგოში შოტლანდიასთან თამაშობდნენ და თბილისში დაბრუნება იჩქარეს, მოედანზე კი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდნენ.
მთლიანობაში, საქართველომ დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშა სწრაფი კონტრშეტევებით, რამაც ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავების ტექნიკასა და კლასს. ეს შედეგი ქართული ფეხბურთის ზრდის კიდევ ერთი დასტურია. ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ჰქონდა დიდებული ისტორია, თუმცა მე-20 საუკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში ქართველი მოთამაშეები საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდნენ.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველებს განვითარების საკმაოდ დაბალი ტემპი ჰქონდათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო ათწლეულში დიდი იმპულსი შეიძინეს. ქვეყნის უდიდესმა საფეხბურთო კლუბმა, „დინამო თბილისმა“ დააფუძნა ძლიერი აკადემია ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით, რომელიც 1999 წლიდან 2011 წლამდე „ბარსელონაში“ ლიონელ მესის მწვრთნელად მუშაობდა.
მისი შრომის შედეგად გაზარდეს ევროპის ტოპ-5 ლიგაში მოთამაშე ორი საინტერესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი, რომელსაც თავად მესის ადარებენ) და გიორგი მამარდაშვილი. მათ სხვებიც მოჰყვებიან. ლუკა პარკაძე ცოტა ხნის წინ მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, „დინამოს“ 17 წლის ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა კი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც 21-წლამდელთა ტურნირზე ითამაშა.
საქართველოს 21-წლამდელების ნაკრების 13 წევრი, ანუ ნახევარზე მეტი, დიდ ფეხბურთში „დინამო თბილისის“ აკადემიის გავლით მივიდა – ეს თავისთავად აღსანიშნავია. ამიტომ, ისეთმა კლუბმა, როგორიც „ლივერპულია“, ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
ახალმა წესებმა, რომლებიც ძალაში ზაფხულში შევიდა, შეცვალა სამუშაო ნებართვის მოთხოვნები. პრემიერლიგის ყველა კლუბისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ახლა მათ შეუძლიათ, დაიმატონ ოთხი ისეთი მოთამაშე, რომლებიც სამუშაო ნებართვის მისაღებად აუცილებელ 15-ქულიან კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ.
ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს „ლივერპულისთვის“, აითვისოს ახალი ბაზრები. გონივრული იქნება, კლუბმა პროცესი საქართველოდან დაიწყოს. როგორც ახლახან დაწყებულმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, ეს ქვეყანა სავსეა ტალანტებით. მათგან ბევრი იმ ადამიანის ფხიზელი მზერის ქვეშაა, რომელიც ლეო მესის გაზრდასა და „ბარსელონაში“ დაწინაურებაში დაეხმარა“, – წერს ინგლისური გამოცემა.