საქართველო-ესპანეთი - კვარაცხელიას გოლს ესპანელებმა ორით უპასუხეს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველო-ესპანეთი 1:2
გოლები: კვარაცხელია (44), ტორესი (56), ოლმო (90+2)
საქართველო (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა (კვეკვესკირი 79), გვილია – ლობჟანიძე (შენგელია 70), კიტეიშვილი (ბერიძე 79), კვარაცხელია – ზივზივაძე (ქვილითაია 62).
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი – პედრო პორო (ლორენტე 65), ერიკ გარსია, ლორენტე (მარტინესი 46), ალბა – პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73), ფაბიან რუისი (ალკანტარა 54), – ფერან ტორესი, მორატა, ბრაიან ხილი (ოლმო 46).
გაფრთხილება: ლორენტე, პორო, ზივზივაძე.
მსაჯი: რ. პეტრესკუ (რუმინეთი)
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ესპანეთს უმასპინძლა და ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც ველოდით – ესპანელები უტევდნენ. საქართველოს ნაკრები კი თავს მთელი მონდომებით იცავდა და შეძლებისდაგვარად უტევდა.
ტერიტორიული უპირატესობა ესპანელებს ჰქონდათ და მე-11 წუთზე საგოლე შანსი ფერან ტორესმა მიიღო, თუმცა გიორგი ლორიამ შესანიშნავად ითამაშა და საქართველოს კარი გადაარჩინა.
მასპინძლებისგან მე-18 წუთზე კუთხურის შემდეგ თავის გამოჩენა გურამ კაშიას შეეძლო – ამჯერად საქმეში ესპანელთა მეკარე უნაი სიმონი ჩაერთო და გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც პირველ 11 წუთში ესპანელებს ორი ყვითელი ბარათი აჰკიდა და შეტევებს მუდამ ამწვავებდა. 44-ე წუთზე გურამ კაშიამ ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და ოთარ კაკაბაძე მოძებნა, რომელმაც საბა ლობჟანიძესთან გათამაშების შემდეგ საჯარიმოსთან ოთარ კიტეიშვილს გადააწოდა – ჩვენმა ნახევარმცველმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან კარისკენ დაძრული კვარაცხელიას გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და გულშემატკივარი უზომოდ გაახარა 1:0 – სასწაული ხდებოდა ტრიბუნაზე, წარმოუდგენელი წარმოსადგენი გახდა.
მეორე ტაიმში ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეტევების გასაძლიერებლად დანი ოლმო ბრაიან გილის ნაცვლად შემოიყვანა, ხოლო ინიგო მარტინესი – დიეგო ლორენტეს ნაცვლად. ესპანელებმა ისედაც დიდი უპირატესობას ფლობდნენ შეტევაში და ახლა ბურთი ლამის დაგვიმალეს, შედეგად კი გოლიც გაიტანეს. ჟორდი ალბას გადაცემით მასპინძლთა კარი ფერან ტორესმა აიღო და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდა, მაგრამ ესპანელთა დაცვა გასაქანს არ აძლევდა და ბურთს სწრაფად ართმევდა. ვილი სანიოლმაც შეცვლებს მიმართა და საბა ლობჟანიძის და ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად თამაშის გასამწვავებლად გიორგი ბერიძე და ლევან შენგელია შემოიყვანა, ხოლო მოგვიანებით გოგა ჩაბრაძით და ნიკა კვეკვესკირით გადაქანცული ოთარ კაკაბაძე და ხვიჩა კვარაცხელია ჩაანაცვლა.
ესპანელები კარისკენ მისასვლელ გზებს ეძებდნენ და მათ შეტევებს დასასრული არ უჩანდა. საქართველოს ნაკრების ყველა წევრი კი ბოლომდე იბრძოდა, რომ ქულა მაინც მოეპოვებინა, მაგრამ ბოლო წამებზე დანი ოლმოს დარტყმულმა იმედები გადაგვიწურა – ლორია ბურთს ვერ შესწვდა და ესპანელები დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ლევან შენგელია უხეშობისთვის გააძევა და ესპანეთმა ანგარიშით 1:2 მოიგო – გულდასაწყვეტი, მაგრამ ალბათ ლოგიკური შედეგი.