ლიტველთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე: ისტორიაში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ
ლიტველთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე: ისტორიაში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ

ლიტვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა საქართველოსთან წაგებული (0:4) მატჩი ლიტვურ მედიასთან შეაფასა და გუნდის ცუდი თამაშის მიზეზებზე ილაპარაკა.

“ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა სანაკრებო პაუზამ დაგვავიწყა, რა არის კარგი ევროპული ფეხბურთი. მეტოქეს ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდა. გუნდში არ აღმოჩნდა ერთი ლიდერიც კი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გარდატეხას შეიტანდა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შედეგი ნამდვილად სამარცხვინოა. გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ დავალებები, რომლის რეალიზაციას გვსურდა, ვერ შევასრულეთ. საკუთარი თავი დავკარგეთ და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ასეთი შეხვედრები საკუთარ ხარვეზებსა და პრობლემებს გვაჩვენებს” – განაცხადა იანკაუსკასმა.

2004 წელს, როდესაც ”პორტუმ” ”მონაკოს” 3:0 სძლია და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ედგარას იანკაუსკასს ძირითადში არ უთამაშია, მაგრამ ლიტველი ფორვარდი ჟოზე მოურინიოს ამ გუნდის წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 27 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთს დაუპირისპირდება, რომელმაც სომხეთის ნაკრებთან ერევანში 0:0 ითამაშა. საქართველო-ესტონეთი 19 საათზე დაიწყება, დასწრება კი უფასოა.