ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე 100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
ტურნირზე ორივე ქართველი წარმატებულად ჭიდაობს და 1/4 ფინალში გავიდნენ. ლიპარტელიანმა იაპონელი კენტარო იიდა დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად სერბ კუკოლს დაუპირისპირდება. სულამანიძემ კი მონღოლ მეტოქეს სძლია და 1/4 ფინალში პორტუგალიელ ფონსეკას შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლებია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.