„ლიონში“ სიმაღლის გამო არ დამტოვეს - გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა #1TVSPORT
„ლიონში“ სიმაღლის გამო არ დამტოვეს - გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ფრანგული „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა (რომელიც 11 გოლითა და 5 საგოლე პასით ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიის სათავეშია) გაიხსენა, რომ „ლიონში“ სიმაღლის გამო არ აიყვანეს.

„„მეცში“ გადასვლის შემდეგ პირველ გუნდში მოხვედრის შანსი ახლა გამიჩნდა, ეს სასიამოვნოა. არ ვამბობ, რომ წინა წლებში ჩემი იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ ეჭვებს ახლა დაესვა წერტილი.

თავიდან „ლიონში“ ვვარჯიშობდი. მქონდა ტექნიკა, კარგად ვთამაშობდი, მაგრამ 14 წლის ასაკში სიმაღლეში ძალიან პატარა, მხოლოდ 140 სმ ვიყავი, თანაგუნდელები ყველა ჩემზე მაღალი იყო და დასარჩენად ფიზიკურად მზად არ აღმოვჩნდი.

მშობლებმა მითხრეს, იმედი არ დამეკარგა, მეც არ დავნებდი. ჩემი მიზანი იყო პროფესიონალი მოთამაშე გავმხდარიყავი, ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. 2017 წელს „მეცში“ გადასვლა რთული იყო, რადგან ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნას მიჩვეული არ ვიყავი. გარდა ამისა, თამაშის ამბიცია მქონდა, მე კი პირველი ექვს თვეში მხოლოდ 45 წუთი ვითამაშე.

თავდაჯერება მაშინვე დაიკარგა, მაგრამ არც ამჯერად დავნებდი, მოთმინებით გავუძელი და როგორც კი თავის გამოჩენის შანსი მომეცა, გამოვიყენე – ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე, ზოგჯერ წარმატების მისაღწევად რთული ეტაპების გავლა გიწევს და ეს გაძლიერებს.

მეცში“ დაბრუნებით მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ამ გუნდშიც შემეძლო გატანა. სეზონი კარგად დავიწყე, თუმცა ჩემი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ.

მედიაში ქარიმ ბენზემას შემადარეს? სახალისოა, ისიც ლიონიდანაა. მას შესანიშნავი კარიერა აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა, რომელიც შეიძლება მოთამაშეს ჰქონდეს – „ოქროს ბურთი“. ბენზემა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო მოთამაშეა. ლასლო ბოლონი (მწვრთნელი) შეტევის დროს სულ მკარნახობს, რა შემიძლია გავაკეთო. ის ბევრს მელაპარაკება და მენდობა – მე კი მწვრთნელის ნდობა მჭირდება.

საქართველოს ნაკრებში გამოძახება ძალიან მიხარია და იქ თამაშით ძალიან ვამაყობ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე გამოსვლა იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, დიდი მოტივაციაა, ამით დიდ გამოცდილებას ვიღებ. როცა სანაკრებო შეკრებიდან ვბრუნდები, ვგრძნობ, რომ გაზრდილი ვარ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.