„ლიონის“ მწვრთნელს ლაკაზეტისა და მიქაუტაძის იმედი აქვს - ორივეს ანგარიშზე ჯერ ნული გოლია, მაგრამ გაიხსენეთ მათი შარშანდელი თამაშები #1TVSPORT
„ლიონის“ მწვრთნელმა პიერ საჟიმ ევროპის ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ალექსანდრე ლაკაზეტის და გიორგი მიქაუტაძის შესახებ სიაუბრა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანიათ.
„სეზონის დასაწყისიდან ლაკაზეტს და მიქაუტაძეს გოლების „მანქანის“ ჩართვა უჭირთ. თუმცა, ორივე ბომბარდირის მიმართ ნდობა მაქვს და მჯერა, რომ ევროპის ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ წარმატებით ითამაშებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გოლები გვაკლია და რაც მალე გაიტანენ, მით უკეთესი. გუნდისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. ამ შემთხვევაში კი საუბარია არა ერთ-ორ მოთამაშეზე, არამედ გუნდზე.
ჩვენ ვიცით, რომ ორივე თავდამსხმელის ანგარიშზე ჯერ ნულები წერია, მაგრამ გაიხსენეთ მათი შარშანდელი თამაშები. უკვე მსგავსი რამ მომხდარა, რომ ხუთ მატჩში თავი ვერ გამოიჩინეს, მაგრამ შემდეგ 15 შეხვედარში შესანიშნავი შედეგი აჩვენეს“, – ამბობს „ლიონის“ მწვრთნელი.
ევროპის ლიგის მთავარ ეტაპის პირველ ტურში „ლიონი“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 26 სექტემბერს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.