„ლიონის“ მწვრთნელი - გიორგი მიქაუტაძე თავს შეუძლოდ გრძნობს, ორი დღეა, არ უვარჯიშია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ლიგა 1-ში მორიგ შეხვედრას „ლილთან“ სტუმრად გამართავს, მაგრამ შესაძლოა, ქართველი თავდამსხმელი გუნდს ვერ დაეხმაროს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემები და თავად კლუბიც ავრცელებს.
„ლილში გამგზავრებამდე მიქაუტაძე ვარჯიშზე არ იმყოფებოდა – ის შეუძლოდაა. ასევე არ იყო ნუამაც, რომელსაც კუნთების პრობლემა აქვს, ხოლო დიავარამ ვარჯიში ინდივიდუალურად განაახლა“, – წერს Le Progres-ი.
„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა „ლილთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა და, სხვა თემებთან ერთად, ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ გუნდს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, ხოლო ითამაშებს თუ არა ქართველი, ჯერ უცნობია.
„ორი ფეხბურთელი ნამდვილად დაგვაკლდება, დიავარა და ნუამა. ჯერ კიდევ ეჭვები გვაქვს მიქაუტაძის თაობაზე, რომელიც იმდენად ცუდადაა, რომ ორი დღეა, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია“, – განაცხადა პიერ საჟმა.
საფრანგეთის ლიგა1-ის მე-10 ტურის მატჩი „ლილსა“ და „ლიონს“ შორის პარასკევს, პირველ ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.