„ლიონი“ „მონაკოს“ მიქაუტაძისა და კაპიტნის დუეტით შეუტევს - ლაკაზეტი გიორგისთან ერთად ბევრი გოლის გატანას იმედოვნებს #1TVSPORT
ლიონის „ოლიმპიკში“ იმედოვნებენ, რომ ლიგა 1-ის სეზონში პირველ გამარჯვებას ვიცე-ჩემპიონ „მონაკოსთან“ მოიპოვებენ, რომელსაც გუნდი ალექსანდრე ლაკაზეტის და გიორგი მიქაუტაძის დუეტით შეუტევს, – ამის შესახებ L’Équipe იტყობინება.
„ლიონელების მწვრთნელი აპირებს, ორი ცვლილება შეიტანოს თავის გუნდში. დაცვა და ნახევარდაცვა იგივე იქნება. შეტევაში კი ორი ცვლილებაა მოსალოდნელი. „ლიონს“ ოლიმპიადის შემდეგ კაპიტანი ალექსანდრე ლაკაზეტი დაუბრუნდა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან შეუტევს. ეს გიორგი მიქაუტაძეს საშუალებას მისცემს, მარცხენა ფლანგზე გადავიდეს და საიდ ბენრაჰმას პოზიცია დაიკავოს. მალიკ ფოფანა კი ერნესტ ნუამსას შეცვლის“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.
ალექსანდრე ლაკაზეტმა კი OL Play-სთან ვრცლად ისაუბრა და განიხილა მისი დუეტი გიორგი მიქაუტაძესთან, რომელიც „ლიონში“ ზაფხულს დაბრუნდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს ერთად ვითამაშებთ, შესაძლოა, ეს შაბათიდან დაიწყოს – ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. გიორგი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე და ლიგა 1-ის შარშანდელ სეზონში თავი უკვე გამოავლინა. იმედია, ჩვენ სწრაფად შევთამაშდებით, ბევრ გოლს გავიტანთ და გუნდს დავეხმარებით“, – იმედოვნებს „ლიონის“ თავდამსხმელი.