საზონოვით „ბეშიქთაშიც“ არის დაინტერესებული, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველს ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბში გადასვლა სურს, – ინფორმაციას Sport24 ავრცელებს.
„საბა საზონოვით „ბეშიქთაშია“ დაინტერესებული. თურქული კლუბი მზად არის, მოსკოვის „დინამოს“ მცველის ტრანსფერში დაახლოებით სამი მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბებში გადასვლის ვარიანტებს განიხილავს“, – ამტკიცებს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით „ლიონი“ და „ფროსინონე“ დაინტერესდნენ, მაგრამ პოპულარული ფრანგული გამოცემა L’Équipe წერს, რომ „ლიონში“ ქართველის გადასვლა გამოირიცხა.
„22 წლის ჯეიკ ობრაიენი „კრისტალ პალასიდან“ „ლიონში“ გადადის, ტრანსფერამდე კი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. მას „ლიონის“ მფლობელი ჯონ ტექსტორი კარგად იცნობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ „კრისტალ პალასის“ აქციონერიცაა. ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით გაატარა „მოლენბეკში“. ობრაიენი აპირებს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს, რომლის საფასურიც მილიონი ევროა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც საბა საზონოვის გარიგება, სავარაუდოდ, ჩაიშალა. საზონოვთან გარიგება დაახლოებით მილიონი ევრო ღირდა და „ლიონმა“ ფინანსურად მიუღებლად მიიჩნია“, – წერს L’Équipe.