ლიონელ მესი - დავიღალე „ბარსელონას“ ყველა პრობლემის მიზეზად ყოფნის გამო
„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ემოციური ფრაზა წარმოთქვა ბარსელონას აეროპორტში არგენტინის ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ.
„სიმართლე გითხრათ, დავიღალე „ბარსელონას“ ყველა პრობლემის მიზეზად ყოფნის გამო“, – თქვა არგენტინელმა, როცა ჟურნალისტებს ჩაუარა.
ამასთან, უცნობია, რასთან დაკავშირებით წარმოთქვა მესიმ ეს სიტყვები. როგორც გაზეთი AS აღნიშნავს, ეს იყო რეაქცია ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე – მან ფეხბურთელს თხოვა კომენტარი მისი მისამართით იმ ბრალდებებზე, რომელიც ანტუან გრიზმანის გარემოცვამ გაავრცელა. ფრანგი ფორვარდის ყოფილმა აგენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მესიმ გუნდში „ტერორის რეჟიმი“ დააწესა.
შეიძლება მიზეზი მესის გაღიზიანება ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ თავისი პირადი თვითმფრინავით 15-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ფეხბურთელს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა პირდაპირ აეროპორტის დასაფრენ ბილიკზე.
როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, იქამდე, სანამ მოთამაშეს ტერმინალში შეუშვებდნენ, მასთან თვითმფრინავში საგადასახადო ინსპექციის ხუთი წარმომადგენელი ავიდა. მათ ჯერ რამდენიმე დოკუმენტი მოთხოვეს ფეხბურთელს, შემდეგ კი ჯარიმა გამოუწერეს მას.