საუდის არაბეთში აპირებენ, აღადგინონ დიდი ესპანური დაპირისპირება – კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის წინააღმდეგ.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo ამტკიცებს, მესის ტრანსფერის იდეა კლუბ „ალ-ჰილალს“ ეკუთვნის. ის კრიშტიანო რონალდოს ახალი კლუბის, „ალ-ნასრის“ მთავარი მოწინააღმდეგეა. „ალ-ნასრი“ პორტუგალიელს წელიწადში 200 მილიონ ევროს გადაუხდის, „ალ-ჰილალი“ კი მზად არის, მესის შესთავაზოს კონტრაქტი, რომელიც არგენტინელს სეზონში 300 მილიონ ევროს მოუტანს. გადახდის სქემა იგივე იქნება, რაც რონალდოს შემთხვევაში – მთელ თანხას სახელმწიფო გაიღებს.
Visit Saudi – სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული. ის მზადაა, „ალ-ჰილალს“ გამოუყოს ნებისმიერი თანხა, თუ კლუბი საუდის არაბეთში გადაიყვანს მესის. ამ თანხით დაიფარება „პარი სენ-ჟერმენიდან“ ტრანსფერი, კონტრაქტის ხელმოწერისთვის ბონუსი და რამდენიმე სეზონის ხელფასი.
ჩანაფიქრის მიხედვით, მესის ტრანსფერი მეტ ტურისტს მიიზიდავს ქვეყანაში და უფრო მომხიბვლელს გახდის მას ყველა თვალსაზრისით. ასე რომ, ეს მიწვევა პერსპექტივაში ნამდვილად ამოიღებს დახარჯულ თანხას.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არაბებს უკვე ახლა სურთ მესის აყვანა და მათ კარგი საბაბი გააჩნიათ პსჟ-სთან მოლაპარაკებებისთვის. იდეა ის გახლავთ, რომ არგენტინელი ახლავე გადაიბირონ და განაცხადში შეიყვანონ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 1-11 თებერვალს მაროკოში გაიმართება.
მაგრამ სერიოზული წინაღობაა კონტრაქტი პსჟ-სთან, რომელიც მოქმედია 2023 წლის ზაფხულამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოელაპარაკონ არა მხოლოდ ფეხბურთელს, არამედ კლუბს, რომელსაც კატარი ასპონსორებს. ეს ქვეყნები კი დიდი ხანია მეტოქეობენ გავლენაზე. ამიტომაც თუ მოლაპარაკებები დაიწყება, ის ნამდვილად არ იქნება იოლი.
„პარი სენ-ჟერმენს“ არ სურს თავისი ვარსკვლავის დაკარგვა და მომდევნო კვირას გეგმავს მესისთან ახალი კონტრაქტის გამოცხადებას. მაგრამ, შესაძლოა, ფულმა აიძულოს ან კლუბი, ან თავად ფეხბურთელი – გადაიფიქროს.