ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში, რომელშიც „ბარსელონა“ „მალიორკას“ სტუმრობდა, მორიგი რეკორდი დაფიქსირდა: ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 12 სეზონში 20 ან მეტი გოლი გაიტანა.
კუნძულელების კარი არგენტინელმა მატჩის მიწურულს დალაშქრა, რაც მიმდინარე სეზონში მისი მეოცე გოლი იყო, მისმა გუნდმა კი საბოლოოდ 4-0 გაიმარჯვა. გარდა ამისა, მესის ანგარიშზე 18 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და უახლოეს მდევარ „რეალს“ ხუთი ქულით უსწრებს.
მადრიდელები თავიანთ მატჩს დღეს „ეიბარის“ წინააღმდეგ შინ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.