ლიონელ მესის მამამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ორ სეზონს გაატარებს „ბარსელონაში“ და შემდეგ „ინტერ მაიამიში“ გადავა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ახლოს არის გუნდიდან წასვლასთან – ოღონდ არა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, არამედ 2022-23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ.
„პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, რადიოსადგურ Cadena Ser-ის ჟურნალისტმა ხოსე ანტონიო პონსეტიმ განაცხადა, რომ მესის მამას ხორხეს ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა დომინიკის რესპუბლიკაში, ცნობილი მომღერლის ხულიო იგლესიასის სახლში.
„ხორხე მესი უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაზე და იქ უნდა ელაპარაკათ მესის „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშსა და პარიზში ცხოვრებაზე. მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა. მესის მამა „ბარსელონასგან“ შეთავაზებას მხოლოდ ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში მოისმენდა. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები არ შედგებოდა“, – განაცხადა პონსეტიმ.
ჟურნალისტს ასევე მოჰყავს უფროსი მესის სავარაუდო ციტატა, რომელიც მას უნდა წარმოეთქვა „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებებისას. „რაც არ უნდა მოხდეს, ლიონელი ორ სეზონს ითამაშებს „ბარსელონაში“ და შემდეგ „მაიამიში“ წავა“, – თქვა მან. ახლა კი პონსეტი მესის „ბარსელონაში“ დარჩენის შესაძლებლობას 50 პროცენტით აფასებს.
ლიონელ მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.