ლიონელ მესის ძმა - მესის გარეშე „ბარსელონა“ არარაობაა, ესპანელები მოღალატეები არიან #1TVSPORT
ცნობილი ამბავია, რომ ნათესავები ყოველთვის იცავენ კრიშტიანო რონალდოს და მძაფრი რეაქცია აქვთ მისი კრიტიკოსების მიმართ. თუმცა, ამჯერად საჯაროდ გამოვიდა ლიონელ მესის ძმა – მატიას მესი. ის „ბარსელონასა“ და მისი ფანების მიმართ ძალიან კრიტიკული იყო.
აი, რამდენიმე ფრაგმენტი მისი ინტერვიუდან:
მესის როლზე „ბარსელონაში“: „ბარსელონას“ მუზეუმი – ეს არის მესის მუზეუმი. „ბარსელონა“ მესის წყალობით გახდა ცნობილი. ადრე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. „რეალი“ ყველამ იცის, ხოლო „ბარსელონა“ მესის გარეშე არაფერია. და აი, ასე გადაუხადეს… ერთხელ დედაჩემმა მითხრა: „ისინი ლეოს იმასვე უპირებენ, რაც ადრე რონალდინიოს გაუკეთეს“.
ფანებზე, რომლებმაც მიიღეს მესის წასვლა: „ბარსელონელებმა მას მხარი არ დაუჭირეს. ისინი უნდა გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე და იძულებული გაეხადათ, წასულიყო ლაპორტა, მესი კი დარჩენილიყო. ესპანელები მოღალატეები არიან. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა, ეს ჩვენგან გაჟღერდეს“.
მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებაზე: „მე მაქვს ამონაჭერი გაზეთ Sport-იდან, რომელშიც წერია: „მესი უნდა დაბრუნდეს „ბარსელონაში“. მე გადავიხარხარე და ვთქვი: „ჩვენ არ ვაპირებთ „ბარსელონაში“ დაბრუნებას, მაგრამ თუ დავბრუნდებით, კარგ წმენდას ჩავატარებთ. სხვებთან ერთად ჟოან ლაპორტას მოვისვრით“.