გასულ უქმეებზე საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლანსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 3:1.
პირველი ტაიმის მიწურულს მატჩში თავის გამოჩენა არგენტინელმა ლიონელ მესიმ მოახერხა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონისთვის ეს გოლი სარეკორდო აღმოჩნდა ევროპის ტოპ ხუთი ლიგის მასშტაბით.
არგენტინელს ტოპ ხუთ ლიგაში ამჟამად 495 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ის პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა, თუმცა მესის ამ შედეგის დასაფიქსირებლად 572 მატჩი დასჭირდა, ხოლო რონალდოს – 626.
არგენტინელმა 474-ჯერ თავი ლა ლიგაში გამოიჩინა, ხოლო 21-ჯერ – საფრანგეთის ლიგა 1-ში. რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელმა პრემიერლიგაში 103 ბურთი გაიტანა, 311 – ლა ლიგაში, ხოლო 81 – სერია A-ში.
მესის თავისი მთავარი კარიერული კონკურენტის მიღწევის გაუმჯობესების შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, „ანჟერთან“ მიეცემა.