ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების ზედიზედ მეორე ვარჯიში გამოტოვა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის სტარტის წინ ზედიზედ მეორე ვარჯიში გამოტოვა.
როგორც ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, შაბათს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა კუნთებზე დიდი დატვირთვის გამო. აღნიშნავენ, რომ არგენტინელი მზად იქნება თავისი გუნდის სასტარტო მატჩისთვის.
„როგორც ჩანს, ვარჯიშების გამოტოვების იდეა დატვირთვების რეგულირებაში მდგომარეობს. არის რაღაც, რაც ლეოს ხელს უშლის 100 პროცენტით იყოს მზად და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშოს. მას შემდეგ, რაც ყატარში ჩამოვიდა, მუდმივად მარტო ვარჯიშობს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ის მზად იქნება საუდის არაბეთთან მატჩისთვის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ფორვარდი კინეზიოლოგ ლუის გარსიასთან მუშაობდა, შეშფოთების საფუძველი გახდა. კარგია, რომ ფიზიკური ვარჯიშების გარდა, მესი ბურთითაც მუშაობდა. მაგრამ ეს არ არის სრულფასოვანი ვარჯიში“, – დაწერა გაზეთ Olé-ს ჟურნალისტმა სერხიო მაფეისმა.
შესაძლოა, მესის მართლაც არ აქვს ყველაფერი წესრიგში და არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მისი ტრავმის დამალვა სურს, მაგრამ არის მეორე ვარიანტი. ჩემპიონატის წინ დაფიქსირებული მაღალი ტრავმიანობის გამო, მესის, უბრალოდ, უფრთხილდებიან. ამაზე ზუსტი პასუხი 22 ნოემბერს იქნება, როცა პირველ შეხვედრაში არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს შეხვდება.