ლიონელ მესი - ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში მერვედ მოიგო ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, France Football-ის მიერ ორგანიზებული „ოქროს ბურთი“.
ტიტულის მიღების შემდეგ მესიმ განაცხადა, რომ ადრე ვერ იფიქრებდა, ისეთი კარიერა თუ ექნებოდა, როგორიც გამოუვიდა. მან მოგებული „ოქროს ბურთი“ ასევე მიუძღვნა დიეგო მარადონას, რომელსაც 30 ოქტომბერს 63 წელი შეუსრულდებოდა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა. გამიმართლა და მინდა, ღმერთს მადლობა გადავუხადო. შევძელი და ფეხბურთში ყველა იმ მიზანს მივაღწიე, რომელზეც ვფიქრობდი, ეს კი ძალიან რთულია.
ვთამაშობდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, „ბარსელონაში“. იქ გამოსვლა გიადვილებს ტიტულების მოგებას ინდივიდუალურ დონეზეც კი. არგენტინის ნაკრებთან ერთად დავეუფლეთ კოპა ამერიკას, შემდეგ კი გავიმარჯვეთ მსოფლიო ჩემპიონატზე უამრავი სირთულის ფონზე.
მინდა, ვახსენო დიეგო მარადონა, მისი დაბადების დღეა. არ არსებობს უკეთესი ადგილი მის გასახსენებლად, რადგან აქ უამრავი ფეხბურთელია, მწვრთნელი და ის ადამიანი, ვისაც ის უყვარდა. დაბადების დღეს გილოცავ, დიეგო. ამ ჯილდოს შენ და სრულიად არგენტინას ვუზიარებ“, – განაცხადა ლიონელ მესიმ.