ლიონელ მესი გასული წლის ზაფხულზე, „ბარსელონას“ პროგრესსა და უმაყურებლოდ თამაშზე
„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კლუბში მისი მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ახლა, ის გუნდთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე.
„ეს სიმართლეა, რომ მე ძალიან ცუდი ზაფხული მქონდა. ძალიან განვიცდიდი სეზონის ცუდ დასასრულს. მაგრამ დღეს ყველაფერი უკან დარჩა. წესრიგში ვარ და ვგრძნობ, რომ მინდა გუნდთან ერთად ყველა ტურნირზე ბრძოლა. ვიცი, რომ კლუბს რთული დროება უდგას და დღეს ბევრი რამ „ბარსელონაზე“ ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ მე ბრძოლას გავაგრძელებ“, – ამბობს მესი.
ლეოს 2020 წლის ზაფხულში სურდა კლუბის დატოვება, მაგრამ ბოლოს დათანხმდა კონტრაქტის ამოწურვამდე ბარსელონაში დარჩენას.
არგენტინელი ხედავს პროგრესს თავისი გუნდის ბოლოდროინდელ გამოსვლებში. ამ მომენტისთვის, „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.
„ჩვენ შევეცდებით ყველა ტურნირის მოგებას – ამ კლუბს ყოველთვის ასეთი მიზანი აქვს. თანდათან უკეთ თამაშს ვიწყებთ, თუმცა, ისიც სიმართლეა, რომ სირთულეებს განვიცდით – არ შეიძლებოდა ამდენი ქულის დაკარგვა.
უფრო მეტს ვიმსახურებდით „ალავესთან“ და „ხეტაფესთან“ მატჩებში, ასევე არ დაგვიმსახურებია „კამპ ნოუზე“ „რეალთან“ წაგება. ჩვენ რომ მოპოვებული შანსები გამოგვეყენებინა, ასეთი სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით“, – თქვა ლეომ.
მესიმ კორონავირუსზეც გამოთქვა საკუთარი აზრი და განაცხადა, რომ პანდემიამ აიძულა ფეხბურთს – უარესობისკენ შეცვლილიყო.
„რთულია თუ არა უმაყურებლოდ თამაში? დიახ, ძალიან რთულია. საშინელებაა ცარიელი ტრიბუნები. როცა სტადიონზე გულშემატკივრები არ არიან, თამაშები ვარჯიშებს ემსგავსება და ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, თამაშში შეხვიდე.
რატომ არის დღეს ამდენი თანაბარი თამაში?! პანდემიამ იმდენი მოახერხა, რომ აიძულა ფეხბურთი უარესობისკენ შეცვლილიყო. იმედია, მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დასრულდება, შევძლებთ ხალხის სტადიონზე დაბრუნებას და ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას“, – ამბობს მესი.