ლიონელ მესი - დიეგო ერთადერთია, მისნაირი ფეხბურთელი აღარ დაიბადება (ვიდეო)
„დიეგო ერთადერთია, მისნაირი ფეხბურთელი აღარ დაიბადება. იგი არგენტინის გმირი და ჩემი საფეხბურთო კერპია,“ – ეს სიტყვები ლიონელ მესის ეკუთვნის.
მესის პატარაობაშიც ხშირად გაუტანია მარადონას სტილში, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება 2007 წელს მის „ხეტაფესთან“ შესრულებულ დრიბლინგსა და ულამაზეს გოლს მოჰყვა. სპეციალისტებმა ის დიეგოს მიერ 1986 წელს ინგლისის კარში გატანილ გოლს შეადარეს:
„ამ ორ გოლს შორის ვიზუალური მსგავსება მართლაც არის, მაგრამ ამ ორ ისტორიას შორის ერთი დიდი განსხვავებაა: დიეგო დიეგოა, ინგლისთან მისი შედევრი დღესაც არავის დავიწყებია და ათწლეულების შემდეგაც აღფრთოვანებით ლაპარაკობენ. იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისელების წინააღმდეგ გააკეთა. ასეთ შეხვედრებს კი სულ სხვა დატვირთვა აქვს, დაძაბულობის ხარისხით ვერც ერთი შიდა ჩემპიონატისა თუ თასის თამაში შეედრება. რაც შეეხება ჩემს მიერ „ხეტაფესთან“ გატანილ გოლს, ახლა ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ ხვალ იგი აღარავის გაახსენდება.
მესის გოლს დიეგო მარადონა ასე გამოეხმაურა:
„მესი ფენომენია, ამოუწურავი ნიჭის ტალანტი, – აღფრთოვანებით ლაპარაკობს დიეგო, – შევთანხმდეთ, რომ ინგლისთან ჩემი გოლი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მესის მიერ „ხეტაფეს“ კარში გატანილი, მაგრამ სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ: როცა ლეო ბურთს ეხებოდა, ვგრძნობდი, რომ რაღაცა განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ.“
მარადონას კომპლიმენტები რომ მოისმინეს, ოჯახის წევრებმა ლეოს ურჩიეს დიეგოსთან დაერეკა და მადლობა ეთქვა, მაგრამ…
„მარტო ის, რომ ჩემი სახელი მარადონამ ახსენა, უკვე დიდი პატივია. იგი ჩემს შესახებ ყოველთვის ლამაზად ლაპარაკობს. ეს სასიამოვნოა, მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, რადგან მსოფლიოში არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც იმას გაიმეორებს, რაც დიეგომ გააკეთა. მეუბნებიან, რომ უნდა დავურეკო და მადლობა გადავუხადო, მაგრამ არ შემიძლია. იმიტომ, რომ მრცხვენია. სულაც არ არის იოლი, აიღო ტელეფონი და შენს კერპს დაელაპარაკო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ძალიან ძნელია. როცა მარადონას მადარებენ, ყოველთვის უარვყოფ – დიეგო ერთადერთია. სხვა მარადონა არასოდეს დაიბადება.“