ლიონელ მესი - ბრაზილია ჩემპიონი გახდება, მათ ამ ტურნირზე მხარს უჭერენ
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ უარი თქვა დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე, რომლის დროსაც არგენტინის ნაკრების მოთამაშეებს კოპა ამერიკას ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
„მე არ წავედი დაჯილდოების ცერემონიაზე, რადგან არ მინდა ვიყო ამ კორუფციის ნაწილი. მთელი ტურნირის განმავლობაში არგენტინის მისამართით უპატივცემლობას გამოხატავდნენ. ჩვენ ვტოვებთ ტურნირს იმის შეგრძნებით, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო. მესამე ადგილისთვის მატჩში, ისევე როგორც ბრაზილიასთან ნახევარფინალში, ჩვენს საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებდით, თამაშს ვუმატებდით. მათ არ უნდოდათ, რომ ფინალში გავსულიყავით და არ მოგვცეს ამის საშუალება. ეჭვი არ მეპარება, რომ ბრაზილია გახდება ჩემპიონი. მათ ამ ტურნირზე მხარს უჭერენ. იმედია, მსაჯებსა და VAR-ის სისტემას არ ექნება გავლენა ფინალურ მატჩზე და პერუს გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება. გავიმეორებ – კორუფცია და მსაჯები არ აძლევენ საშუალებას გულშემატკივრებს ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ“, – განაცხადა მესიმ.
არგენტინის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 დაამარცხა ჩილე და კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი დაიკავა.