ლიონელ მესი ბავშვობაზე - როცა როსარიოდან ბარსელონაში მოვდიოდი, ყოველთვის ვტიროდი #1TVSPORT
ლიონელ მესი ბავშვობაზე - როცა როსარიოდან ბარსელონაში მოვდიოდი, ყოველთვის ვტიროდი #1TVSPORT

ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა გამოცემა Diario Olé-ს, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ბავშვობაზე, შვილებსა და ესპანეთის თასის მოგებაზე.

 

ბავშვობის მოგონებები

„როდესაც 4-5 წლის ვიყავი, გამუდმებით ბურთით ვთამაშობდი. ამის კეთება ფეხის ადგმისთანავე დავიწყე. კარგად მახსოვს გრანდოლიში ჩემი პირველი მატჩები. სათამაშოდ ჩემს უფროს ძმებსა და ბიძაშვილებთან ერთად დავდიოდი.

ერთხელ ჩემზე დიდების გუნდს ფეხბურთელი დააკლდა. ბებიაჩემი კარგად იცნობდა გუნდის მწვრთნელს და მას ჩემი შემადგენლობაში დაყენება სთხოვა. მწვრთნელი უარზე იყო, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და ეშინოდა, რამე დამეზიანებინა. ბოლოს მაინც ვითამაშე.

აქედან დაიწყო ყველაფერი. სახლიდან შორს, ბარსელონაში გადასვლის გადაწყვეტილება იყო რთული, თუმცა ის ძალიან სწრაფად მივიღე. ბევრი არც მიფიქრია. მაშინ ვერ გავიაზრე რას ნიშნავდა სამშობლოს, ახლობლების, მეგობრების დატოვება. შემდეგ ყოველთვის ვტიროდი, როცა როსარიოდან ბარსელონაში მოვდიოდი.

მინდოდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მიმძიმდა იმ ყველაფრისგან შორს ყოფნა, რაც მქონდა. ბევრი მეგობარი დავკარგე. რთული იყო დისტანციურად მათი შენარჩუნება. დღეს 13-14 წლის ბავშვებს აქვთ მობილური ტელეფონები. მაშინ ამის საშუალება არ იყო.

ასე რომ, ეს ურთიერთობები წყდებოდა. რთული იყო ისიც, რომ „ბარსელონაში“ თავიდან ვერ ვთამაშობდი, რაღაც დოკუმენტების გამო. შემდეგ ტრავმა მივიღე. თითქმის წელი გამიცდა. ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საბედნიეროდ, როცა ეს პერიოდი დასრულდა, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. მქონდა შესამჩნევი პროგრესი, დავიწყე წინსვლა. ვხედავდი, რომ ვუახლოვდებოდი სასურველ მიზანს. თანდათან მომწონდა იქ ყოფნა, სულ უფრო მინდოდა გამომეცადა ჩემი თავი და მებრძოლა.“

 

პუიოლის ნიღაბი

„14-15 წლის ასაკში „ესპანიოლთან“ მატჩში ყვრიმალი დავიზიანე. რამდენიმე დღეში კატალონიის თასის ფინალი უნდა გვეთამაშა. მანამდე მსგავსი ტრავმა კარლეს პუიოლს ჰქონდა და სპეციალური ნიღბით გადიოდა მოედანზე. სწორედ მისი ნიღაბი მომცეს. ძალიან დიდი იყო და მძვრებოდა.

ბოლოს მოვიხსენი. ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად საშიში იყო, თამაში მინდოდა, ნიღაბი კი მიშლიდა. მამაჩემი მწვრთნელს უყვიროდა, რომ შევეცვალე. სანამ ორი გოლი არ გავიტანე არ გამოვედი. ის მატჩი 3:0 მოვიგეთ.

ჩემი მშობლები სამსახურიდან გვიან, დაღლილები ბრუნდებოდნენ. ჩვენთან დიდ დროს ვერ ატარებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემს შვილებს დიდი დრო დავუთმო, წავიყვანო სკოლაში, ვატარო ვარჯიშებზე, გასართობად. ერთად ვიღვიძებთ, ვსაუზმობთ. მართალია, ზოგჯერ მათი მოკვლა მინდება, მაგრამ თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ძალიან მიყვარს მათთან ერთად ყოფნა, დილით გაღვიძება, ღამით დაძინება და მათზე ზრუნვა.“

 

სხვა გატაცებები

„მიყვარს პადელი და ვუყურებ ჩოგბურთს. ზოგჯერ ვთამაშობ ჩემს მეგობართან პეპე კოსტასთან ერთად. ამას ხშირად ვერ ვახერხებთ დროის სიმცირის გამო. თითქმის ყოველ სამ დღეში მატჩი მაქვს.

სიმართლე გითხრათ, სწავლა არ მიყვარდა და ძალიან მიჭირდა. თუმცა სკოლაში ყოველთვის კარგად ვიქცეოდი. ცუდი მოგონებები არ მაქვს, კარგი ბავშვი ვიყავი.

 

რთულია თუ არა იყო მესი

„ზოგჯერ გინდა, აკეთო ჩვეულებრივი საქმე და დარჩე შეუმჩნეველი. მაგალითად, წახვიდე სავაჭრო ცენტრში. მაგრამ ასე არ გამოდის. ხალხი გცნობს, გთხოვს მასთან ფოტოს გადაღებას, ავტოგრაფს. შეიძლება ამ დროს საუკეთესო დღე არ გქონდეს, უხასიათოდ იყო და საერთოდ არ გინდოდეს ვინმესთან ურთიერთობა. ეს საკმაოდ რთულია.

ჩემს შვილს, ტიაგოს, რომელიც ძალიან მორცხვია, არ უყვარს, როდესაც ცნობენ. მატეოსთვის კი ასეთი რაღაცეები სულერთია. თუმცა არ ვწუწუნებ. ამას მეორე მხარეც აქვს. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან შესანიშნავად მეპყრობიან. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.“

 

სინანული

„ძალიან ვნანობ, რომ იმ ფეხბურთელებს, რომელთა წინააღმდეგაც წლების წინ ვითამაშე, მაისურები არ გამოვართვი. მაგალითად რონალდოს, რობერტო კარლოსს. მინდა, რომ მათი მაისურები მქონდეს.“

 

კოპა ამერიკა

„მთელი გუნდი მოუთმენლად ველით კოპა ამერიკას დაწყებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. დიდი ხანია, არ შევკრებილვართ. შარშან ამაში ხელი კორონავირუსმა შეგვიშალა და ახლა კიდევ უფრო გვინდა ერთად ყოფნა.

წლევანდელი გათამაშება განსხვავებული იქნება, რადგან მას, სავარაუდოდ, მაყურებელი ვერ დაესწრება. მიუხედავად ამისა, მაინც მოუთმენლად ველოდები.“

 

წარმატება ესპანეთის თასზე

„კოპა დელ რეიზე მიღწეული წარმატება უმნიშვნელოვანესი გახლდათ იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაში იყო კლუბი ბოლო წლებში. ახალგაზრდა შემადგენლობა გვყავს, ახალი სახეები.

ეს გამარჯვება იქნება გარდამტეხი ყველა ჩვენგანისთვის, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. ძალიან მიყვარს ტიტულების მოგება. რაც მეტი, მით უკეთესი.“