“ჰაიენდერსის” და “ოლ ბლექსის” მგეზავმა, ლიმა სოპოანგამ დაადასტურა, რომ ის კარიერას ინგლისის “ფრემიერშიფის” “ვოსპში” გააგრძელებს.
მან კლუბთან სამ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ განცხადება სოპოანგამ საკუთარი “ინსტაგრამის” გვერდზე გააკეთა:
“ძალიან მიმძიმს ამის თქმა. მე და ჩემი ოჯახი ახალ ზელანდიას 2018 წლის სეზონის მიწურულს დავტოვებთ. მე ახალ ზელანდიაში რაგბის თამაშის თითოეული წუთით ვისიამოვნე და გავიჩინე მეგობრები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გამყვებიან. მინდა მადლობა ვუთხრა “ჰაილენდერსს”, ახალი ზელანდიის ნაკრებს, “საუსლენდს” და “ველინგტონს” იმ შესანიშნავი გამოცდილებისათვის, რომელიც ამ გუნდებმა მომცეს.”
“ოლ ბლექსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰენსენმა განაცხადა: “ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ლიმა დავკარგეთ, თუმცა გვესმის ის მიზეზები, რომლის გამოც ის გვტოვებს. ის პირდაპირი იყო და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენთან ამ გადაწყვეტილების შესახებ. ახლა ჩვენი საქმეა განვავითაროთ ახალი მორაგბე, რომელიც ნაკრებში მის ადგილს დაიკავებს.”
სოპოანგას საკლუბო დებიუტი “ველინგტონში” ჰქონდა. 2014 წლიდან კი იგი “საუსლენდში” გადავიდა. 2015 წლის სეზონში ლიმა იყო ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა “ჰაილენდერსში”, რომელმაც “ზე რაგბის” ჩემპიონობა მოიპოვა.