ლილიარდის საოცარი სამქულიანი ბოლო წამზე - პორტლენდი ნახევარფინალშია
10:20, 24.04.2019
დემიენ ლილიარდმა პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გაიყვანა. „ტრეილ ბლეიზერსის“ უკანახაზელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის ნამდვილი ლიდერია. ოკლაჰომასთან გამართული სერიის მეხუთე შეხვედრაში 28 წლის კალათბურთელმა 50 ქულა გააკეთა და რაც მთავარია, ანგარიშით 115:115-ზე, უკანასკნელ წამზე, შორეული სამქულიანი ტყორცნით ორეგონელებს გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სტუმრები 15 ქულის სხვაობით იგებდნენ. მასპინძლებმა სწორედ ლილიარდის დამსახურებით შეძლეს სოლიდური ჩამორჩენის აღმოფხვრა და საერთო სერიის თავის სასარგებლოდ დასრულება. პორტლენდმა ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე სან ანტონიო-დენვერის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„ნაგეტსმა“ დღეს დილით, სერიის მეხუთე შევედრაში, უშანსოდ დაამარცხა „სფერსი“, ანგარიშით 108:90. „პეპსი ცენტრში“ გამართულ მატჩში მასპინძლები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში კომფორტული სხვაობით ლიდერობდნენ. კოლორადოელების შემადგენლობაში ჯამალ მიურეი იყო საუკეთესო 23 ქულით. ნიკოლა იოკიჩმა კვლავ სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. სერბმა კალათბურთელმა 18 ქულა, 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა. „ნაგეტსი“ სერიაში დაწინაურდა, ანგარიშით 3:2. მეექვსე დაპირისპირება სან ანტონიოში ჩატარდება.
დღესვე, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის საგზურები ტორონტომ და ფილადელფიამ მოიპოვეს. კანადურმა კლუბმა ორლანდო „მეჯიქი“ სერიაში ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამავე ანგარიშით აჯობა „სიქსერსმა“ ბრუკლინ „ნეტსს“. ეს გუნდები ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.