ლილარდმა და მაკკალუმმა „დენვერს“ ჯამში 62 ქულა ჩაუგდეს - „პორტლენდმა“ „ნაგეთსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ლილარდმა და მაკკალუმმა „დენვერს“ ჯამში 62 ქულა ჩაუგდეს - „პორტლენდმა“ „ნაგეთსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალის საგზურისთვის „დენვერი“ და „პორტლენდი“ იბრძვიან.

რამდენიმე საათის წინ, ნახევარფინალური სერიის რიგით მეექვსე მატჩი პორტლენდში გაიმართა. „ბლეიზერსმა“ „ნაგეთსს“ ანგარიშით 119-108 მოუგო. შედეგად, სერიაში ანგარიში 3-3 გახდა და ფინალის საგზურის მფლობელის ვინაობა, 13 მაისს, უკვე დენვერში გასამართ მეშვიდე შეხვედრაში გახდება ცნობილი.

„დენვერმა“ მეტოქეს მხოლოდ პირველი მეოთხედი მოუგო. დარჩენილ შეხვედრაში კი დამაჯერებელ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. დემიენ ლილარდმა (32 ქულა) და სი ჯეი მაკკალუმმა (30 ქულა) ჯამში მეტოქეს 62 ქულა ჩაუგდეს და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულეს. როდნი ჰუდის ანგარიშზე 25 ქულაა.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი 29 ქულითა და 12 მოხსნით ნიოლა იოკიჩი გამოდგა, მას სამმაგ დუბლამდე ორი გადაცემა დააკლდა. 24 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯამალ მიურეიმ.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა „ფილადელფიამ“. „სიქსერსმა“ საკუთარ არენაზე „ტორონტოს“ სერიის მეექვსე მატჩი ანგარიშით 112-101 მოუგო. „ფილის“ რიგებში 25 ქულით საუკეთესო ჯიმი ბატლერი გამოდგა. ჯოელ ემბიდმა 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულა, 8 მოხსნა, და 6 გადაცემა დააგროვა ბენ სიმონსმა. სტუმართა შორის კი, 29 ქულითა და 12 მოხსნით, ყველაზე შედეგიან გუნდის ლიდერი – კავაი ლეონარდი გამოდგა. სერიის გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი ტორონტოში, 13 მაისს შედგება.