ლიგის საუკეთესოს, შერმადინის ძალისხმევით - „ტენერიფემ“ ესპანური პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში პლეი ოფის სტადია დაიწყო. გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტაბილურად ჩაატარა მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა „ბურგოსთან“ და 86:78 გაიმარჯვა.
წარმატებაში დიდი წვლილი ქართველმა ცენტრმა რომ შეიტანა, ესპანური ლიგის საიტის სტატიის სათაურიდანაც ჩანს, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – „მოვისტარის MVP-ის ძალისხმევით“.
„მოვისტარი“ ესპანეთის ჩემპიონატის სახელწოდებაა, MVP – ყველაზე ღირებული მოთამაშე, შერმადინს კი თარგმანი არ სჭირდება – 216 სმ სიმაღლის ნატახტარელი კალათბურთელია, რომელმაც „ბურგოსთან“ 22 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მან 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი ყველაზე მაღალი ჰქონდა – 24.
„ბურგოსის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თად მაკფადენი იცავდა, რომელმაც 9 წუთში მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მატჩი 5 ფოლით დაასრულა.
მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი „ბურგოსის“ მოედანზე 3 ივნისს გაიმართება. სერია ორ მოგებამდეა.